თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
პუბლიკაციები
ვის აქვს აბორტის მისაწვდომობის პრობლემა?

აბორტის სერვისის ლეგალურობის მიუხედავად, მის მისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოში უამრავ პრობლემას ვაწყდებით. რთულია იმ სამედიცინო დაწესებულების პოვნა, რომელიც აღნიშნულ სერვისს გასცემს. კანონი გვთხოვს, რომ სერვისს არა ერთხელ, არამედ, ორჯერ მივაკითხოთ[1]. მიუხედავად იმისა, რომ არასასურველი ორსულობის შეწყვეტა სამედიცინო მანიპულაციას საჭიროებს, არ არსებობს არც სახელმწიფო და არც კერძო სადაზღვეო პროგრამა, რომელიც აღნიშნული სამედიცინო მომსახურების საფასურს დაფარავდა. ამასთანავე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები ხშირად ქალებს განგვსჯიან აბორტთან დაკავშირებული არჩევანის გამო.[2]

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც ცისგენდერი[3] ქალები ვაწყდებით, როდესაც გვესაჭიროება აბორტის სერვისის მიღება. გარდა იმისა, რომ აბორტის სერვისის ლეგალურობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ქალთა მიერ საკუთარი სხეულის და ცხოვრების ფლობის კუთხით, ის ასევე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის უფლების განხორციელების კუთხით. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები[4] აჩვენებს, რომ აბორტის სერვისის არალეგალურობა არ მოქმედებს ორსულის გადაწყვეტილებაზე, გაიკეთოს აბორტი. ის მხოლოდ უბიძგებს მას, მიმართოს არალეგალურ და შესაბამისად, არაუსაფრთხო, ე.წ. მიწისქვეშა სერვისებს, რაც საფრთხის შემცველია როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე, სიცოცხლისთვის.[5]

უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ცისგენდერი ქალებით არ შემოიფარგლება იმ ადამიანთა წრე, ვისაც შესაძლოა არასასურველი ორსულობა დაუდგეს დღის წესრიგში. აბორტის სერვისი შესაძლოა დასჭირდეს ყველას, ვისაც აქვს შესაბამისი რეპროდუქციული მონაცემები, მათ შორის, ტრანს კაცებს,[6] გენდერულად არაკონფორმულ პირებს[7], არაბინარულ პირებს[8] ინტერსექს ადამიანებს[9]. როგორც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები აბორტის გამოცდილების მქონე კაცი აღნიშნავს, „არსებობს კონკრეტული ტიპის სხეულის ქონის მოლოდინი ადამიანების მიმართ, ვინც აბორტის სერვისს მიმართავს და ეს არ არის სწორი მიდგომა“.[10]

ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დაორსულდეს, შეიძლება დასჭირდეს აბორტის სერვისი, ხოლო, სერვისის ვერ მიღების შემთხვევაში, შეექმნას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ის რისკები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე ცისგენდერი ქალების ჭრილში.

საქართველოში აბორტთან დაკავშირებული სტიგმის გამო[11], ცისგენდერი ქალები სხვადასხვა დახურულ სივრცეებში, მათ შორის, facebook-ის სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში (ძირითად შემთხვევაში, ანონიმურად) ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებებს, გამოუცდელობას, ბრაზს, რჩევებს, რაც აბორტის სერვისთან მიმართებაში დავაგროვეთ. გამოცდილების გაზიარების ეს პრაქტიკა ნელი ტემპით, თუმცა, მაინც გვაძლევს მომავალში უკეთესი, უფრო ეთიკური სერვისის მიღების შესაძლებლობას. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც აბორტთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება საკუთარ გენდერულ იდენტობაზე ღიად საუბარსაც გულისხმობს? ასეთ შემთხვევაში, ასეთი გამოცდილებები და საჭიროებები ჩვენი ყურადღების და შესაბამისად, აქტივიზმისა და დისკუსიის მიღმა რჩება.

რატომ არ უნდა დავტოვოთ აბორტთან დაკავშირებული ტრანსსპეფიციური საჭიროებები აქტივიზმის მიღმა?

ამ დროისთვის, საქართველოში არ ჩატარებულა კვლევა, რომელიც ტრანსი კაცების, გენდერულად არაკონფორმული პირებისა და ინტერსექსი ადამიანების აბორტის სერვისის კუთხით არსებულ საჭიროებებსა და დაბრკოლებებს მოიცავდა. თუმცა, ამ კუთხით არსებული გარკვეული გამოწვევების იდენტიფიცირების შესაძლებლობას შესაძლოა გვაძლევდესთემთან მომუშავე ორგანიზაციების პრაქტიკაში არსებული ცალკეული შემთხვევებისა იმ კვლევების ერთობლიობის ანალიზი, რომლებიც შეეხება საქართველოში აბორტის მისაწვდომობას და ტრანსი ადამინების გამოცდილებებს ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის კუთხით.

ლგბტქ თემის წევრები ხშირად ხდებიან სხვადასხვა სახის, მათ შორის სექსუალური ძალადობის მსხვერპლები.2015 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ტრანსი კაცების 51-მა, ხოლო არაბინალური ადამიანების (რომელთა დაბადების მოწმობაში მდედრობითი სქესი აქვთ მონიშნული) 58-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ისინი ერთხელ მაინც გამხდარან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი.[12] ტრანსი ადამიანების მდგომარეობის შესახებ საქართველოში ჩატარებული კვლევები[13] და სახალხო დამცველის ანგარიშები ასევე უთითებს ტრანსი ადამიანების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სიხშირეზე. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ტრანსი კაცების, არაბინალური, გენდერულად არაკონფორმული და ინტერსექსი ადამიანების მიმართ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე სისტემური კვლევა ამ დროისთვის საქართველოში არ არსებობს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები, აბორტის გამოცდილების მქონე და აღნიშნულზე ღიად მოსაუბრე ტრანსი აქტივისტები, იმ სირთულეებზე საუბრობენ, რომელთა მომტანიც მათთვის არასასურველი ორსულობის გაგრძელება შეიძლება იყოს, მათ შორის, ისინი საუბრობენ თვითდაზიანებების მიყენებაზე, თვითმკვლელობის მცდელობაზე,[14] ასევე იმ ფაქტზე, რომ ორსულობას შეუძლია გააღრმაოს გენდერული დისფორია.[15]

საქართველოში აბორტის სტიგმასთან დაკავშირებულ კვლევაში ორსულობის ფაქტის დადგომის განსაკუთრებულ ემოციურ სირთულეზე უთითებს ტრანსი მამაკაცი და აღნიშნავს, რომ ორსულობის დადგომა მის გამომწვევ სექსუალურ ძალადობაზე უფრო მეტად დამთრგუნველი იყო, რადგან აღნიშნულმა მისი ფემინიზაცია მოახდინა. ამავე რესპონდენტის ცნობით, აღნიშნულმა გამოიწვია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის მკაცრად გაუარესება, რასაც მოჰყვა თვითდაზიანებები, თვითნებური ჩარევით ორსულობის შეწყვეტისა და თვითმკვლელობის მცდელობები.[16] მისი თქმით, მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, არ მიემართა ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებისთვის აბორტის სერვისის მისაღებად და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა თავად ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას.[17]

საქართველოში ტრანსი და ინტერსექსი (ისევე, როგორც ლგბტქ თემის ყველა წევრი) ადამიანები აწყდებიან პრობლემებს ზოგადად ჯანდაცვის სერვისებზე მისაწვდომობის კუთხით, რადგან (მისაწვდომობის ფინანსურ და სხვა სახის ბარიერებთან ერთად) ადგილზე მათ ხვდება არამეგობრული და მათთვის სპეფიციურ სამედიცინო ასპექტებში კვალიფიკაციის არმქონე კადრები.[18] აღსანიშნავია, რომ მათი მხრიდან კონრეტულად რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჯანდაცვის სერვისების მიღება მეტ სენსიტიურობას და კონფიდენციალობის უფრო მკაცრად დაცვას მოითხოვს, რადგან ამ შემთხვევაში კონფიდენციალური საკითხია არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა და მიღებული სერვისი, არამედ, ადამიანის გენდერული იდენტობა, რომელზე ხმამაღლა საუბრისგანაც ბევრი ადამიანი თავს იკავებს. როგორც საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადჰყო, ხშირია შემთხვევები, როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვს სერვისის გამცემი პირები არ იცავენ კონფიდენციალობას[19]. საქართველოში დღეს არსებული ტრანსფობიური გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნულ დარღვევას შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები ჰქონდეს ადამიანის როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, სოციალურ ცხოვრებაზე და ზოგადად, მისი სიცოხლის ხარისხზე.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს ტრანსი ადამიანების გათვალისწინების აუცილებლობა აბორტთან დაკავშირებულ დისკუსიებში. დღესდღეობით, აღნიშნული დისკუსია როგორც შინაარსობრივად, ასევე, ტერმინოლოგიური თვალსაზრისით არ არის ინკლუზიური. აბორტის ირგვლივ არსებული ეროვნული კანონმდებლობა არ შეიცავს გენდერულად ნეიტრალურ ენას და აბორტის საჭიროების მქონე პირებად მხოლოდ „ქალებს“ უთითებს და მოიაზრებს.

დღესდღეობით, ტრანს კაცებს, არაბინალურ, გენდერულად არაკონფორმულ და ინტერსექს ადამიანებს აბორტთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ბარიერებთან გამკლავება უწევთ იმაზე უფრო „მარტოდ“ და ჩუმად, ვიდრე ცისგენდერ ქალებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის განსაკუთრებული, ორმაგი ტაბუირებულობიდან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მასთან დაკავშირებული პრობლემები „თავისით“, პროაქტიური მუშაობის გარეშე გამოაშკარავდება. ფემინისტური სოლიდარობის დღის წესრიგი კი სწორედ ასეთი სიჩუმის და მარტოობის დასაძლევად იქმნება.

მომზადებულია ორგანიზაციის "რეალური ხალხი რეალური ხედვა" მხარდაჭერით.

-------

[1]ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, აბორტის სერვისის მიღებამდე პირველადი კონსულტაციიდან 5 დღიანი მოსაფიქრებელი პერიოდი უნდა იყოს გასული.

[2]სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გვ.41. კვლევა მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3duYPUd
წყარო ბოლოს ნანახია: 20.03.2020.

[3] ცისგენდერი ადამიანი - ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც ბიოლოგიურ სქესთან თანხვედრაშია. წყარო მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3dzpBek
წყარო ბოლოს ნანახია 27.03.2020.

[4] ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3bstaRn
წყარო ბოლოს ნანახია: 23.03.2020.

[5] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელს, დაახლოებით 25 მილიონი არაუსაფრთხო აბორტი კეთდება მსოფლიოში, ასევე, ყოველ წელს, დაახლოებით 7 მილიონი ქალი ხვდება საავადმყოფოში არაუსაფრთხო აბორტის შედეგად დამდგარი გართულებების გამო. ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2Un21tG
წყარო ბოლოს ნანახია: 20.03.2020.

[6] ტრანსი კაცი - ადამიანი, რომლის ბიოლოგიური, დაბადებისას მინიჭებული სქესი არის მდედრობითი, თუმცა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს კაცად. წყარო მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2WLXPFc
წყარო ბოლოს ნანახია 27.03.2020.

[7] გენდერულად არაკონფორმული - ადამიანი, რომლის გენდერული თვითგამოხატვა არ შეესაბამება მისი გენდერული იდენტობისთვის დადგენილ კულტურულ ნორმებს.

[8] არაბინალური გენდერი - ტერმინი აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინალურ სისტემაში. წყარო მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3aBxrCl
წყარო ბოლოს ნანახია 27.03.2020.

[9] ინტერსექსი ადამიანი - ადამიანი, რომლის გენეტიკური, გენიტალიური, რეპროდუქციული ან ჰორმონალური კონფიგურაცია არ თავსდება ტიპურ ბინარულ სისტემაში.

[10]ინტერვიუ მისაწვმდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3dDPUjh
წყარო ბოლოს ნანახია 27.03.2020.

[11] სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გვ.41.

[12]The Report of the U.S. Transgender Survey 2015, გვ.209. წყარო მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2WTseBP
წყარო ბოლოს ნანახია 27.03.2020.

[13] ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა საქართველოში, ნათია გვიანიშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, 2015 წელი, გვ. 7. წყარო მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2QQVvZR
წყარო ბოლოს ნანახია: 27.03.2020.

[14]ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2vQHlR8
წყარო ბოლოს ნანახია: 27.03.2020.

[15] ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2yexSEc
წყარო ბოლოს ნანახია 27.03.2020.

გენდერული დისფორია - დისტრესი, რომელიც გამოწვეულია ადამიანის გენდერული იდენტობისა და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესის ერთმანეთთან შეუსაბამობით. ინფორმაცია მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/39lkU4h
წყარო ბოლოს ნანახია 28.03.2020.

[16] აბორტის სტიგმა საქართველოში, გვანცა კვინიკაძე, მედეა ხმელიძე, რეალური ხალხი, რეალური ხედვა, 2019.

[17]იქვე.

[18]ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში, პოლიტიკის დოკუმენტი, ეკატერინე აღდგომელაშვილი, ნათია გვიანიშვილი, თათული თოდუა, ციალა რატიანი, 2015. კვლევა მისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2JgfCg1
წყარო ბოლოს ნანახია 27.03.2020.

[19]სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.