თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
თქვენ ათვალიერებთ საიტის მოძველებულ ვერსიას. ჩვენ გადავინაცვლეთ მისამართზე: https://wisg.org/
ღონისძიებები
გრადაცია - ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისათვის
20 ნოე. 2019

20 ნოემბერი ტრანს ხსოვნის საერთაშორისო დღეა. “გრადაცია" ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) და არტისტ უტა ბექაიას ერთობლივი ინსტალაციაა, რომელიც Propaganda.network-ის მხარდაჭერით იმართება.

“გრადაცია” არის თვალის მოძრაობა გარედან შიგნით, სადაც კოლექტიურმა სათვალთვალო კამერამ მზერა ჩააბრუნა და საკუთარი თავი გაარჩია."

ქალაქის მზერა - კოლექტიური სათვალთვალო კამერაა - სადამსჯელო თვალი, რომელიც ერთფეროვნების გაპრიალებულ ფასადებს ითხოვს, რათა მისი მზერა არ შეაწუხოს ყოველდღიური ცხოვრებიდან მრავალფეროვნების, პარადოქსულობის და კონტროვერსიულობის კადრებმა.
მისი მკაცრი მზერა ჩვენგან მოითხოვს კარგად მოქცევას და არა ჩვენი ინდივიდუალობის, ემოციების და ფიქრების გამჟღავნებას. კარგად მოქცევა ნიშნავს არ ყოფნას, ჩვენი ყოფა მის მზერაში ცარიელ, დაუნახავ ადგილებად აირეკლება.

საკუთარი ოთახი - ნელ-ნელა თვალი ინვერსიულად ბრუნდება და საკუთარი თავის შემჩნევას იწყებს, რომელსაც აქამდე სათვალთვალო კამერის ფოკუსში ამაოდ ეძებდა. ეს შუალედური სივრცეა კოლექტიურ მზერასა და ჩაბრუნებულ მზერას შორის.
საკუთარი ოთახი სიმბოლური აქტია, რომელშიც კავშირი უნდა შედგეს საკუთარ თავთან, რომელშიც ყველა ნივთი, ტანსაცმელი, ატრიბუტი და რიტუალი ერთიანდება და ჩნდება პირობები, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ შევხედოთ ჩვენს შინაგან არსს, გარე დამკვირვებელი კოლექტიური თვალის გარეშე.

ჩაბრუნებული მზერა - თვალი იწყებს სიბნელესთან შეჩვევას, კონტურები - გამოკვეთას, შენი თავი სრული სისავსით წარმოჩნდება შენივე მზერის წინაშე, რომელიც გათავისუფლდა კოლექტიური (თვალ)თვალისგან. ეს მზერა ახლა მხოლოდ შენია და შენც, საკუთარი თავის წინაშე მდგომი, შეჰყურებ მას ქვემოდან ზემოთ - შენზე ბევრად მაღალს, დიდს და ძლიერს.

აღარ აქვს მნიშვნელობა შენს არცერთ იდენტობას, რომელიც აქამდე გარე მზერისთვის შექმნილა, თუმცა შენ შეგიძლია გაიხსენო, რას ძერწავდა შენგან ეს მზერა წინა ოთახებში, ქალაქის ქუჩებში, კოლექტიური თვალისთვის.

ინსტალაცია დამთვალიერებლისთვის ღიაა:
20 ნოემბერი - 17:00-21:00
21, 22, 23 ნოემბერი - 18:00-21:00

მისამართი: ვაშლოვანის ქუჩა 4/1