შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლო ორი ტრანსგენდერი ადამიანის საქმეს განიხილავს
24 ნოე. 2017

2017 წლის 10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა“ (WISG) და „ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის“ მიერ მომზადებული (EHRAC) კიდევ ერთი ერთობლივი საქმე გაიგზავნა. საქმე ეხება ტრანსგენდერი ადამიანებისათვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებაზე) უარი თქმას. პირველი ტრანსგენდერი ადამიანის საქმე სტრასბურგის სასამართლოში 2017 წლის 1 აგვისტოს გაიგზავნა.

ორივე აპლიკანტი მიიჩნევს, რომ გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარით მათ მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები. საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს არც სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების და არც სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების საკითხებს და სრულ სამართლებრივ ვაკუუმში აქცევს ქვეყანაში მცხოვრებ ტრანსგენდერ ადამიანებს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ტრანსგენდერ ადამიანებს ავალდებულებს ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები, რათა მათი სქესის შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში.

ოფიციალურ დოკუმენტებში შესაბამისი სქესის ასახვაზე უარის გამო, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანები არაერთ ბიუროკრატიულ წინაღობას აწყდებიან - საბაზისო, საბანკო ან სამედიცინო სერვისების მიღების დროს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას, ისინი ხშირად ხდებიან დამამცირებელი მოპყრობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტები, ხელი ეშლებათ მუდმივი სამუშაოს მოძიებაში. ერთ-ერთი აპლიკანტი ვერ ახერხებს სრულფასოვან თანამონაწილეობას შვილის აღზრდაში. ეს ყველაფერი ტრანსგენდერი თემის წევრებს მუდმივი სტრესის, შიშისა და იზოლაციის პირობებში ამყოფებს.

“[აპლიკანტების] საქმე საქართველოს სისტემურ პრობლემაზე მეტყველებს. გენდერის სამართლებრივი აღიარება არსებითია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტრანსგენდერი ადამიანების ღირსეული ცხოვრება, ყველანაირი შევიწროვების, ჩაგვრის, შიშის და დისკრიმინაციის გარეშე. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა ვერ ახერხებს დაარეგულიროს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული თვითნებური და შეუქცევადი შედეგები. ვიმედოვნებთ, რომ ამ საქმის ევროპის სასამართლოს წინაშე წარდგენით, საქართველოში მცხოვრები იმ ტრანსგენდერ ადამიანების, მდგომარეობა, რომლებიც გენდერის სამართლებივ აღიარებას ითხოვენ, გაუმჯობესდება“. - რამუტ რემეზაიტე (იურიდიული კონსულტანტი) და ჯოან სოიერი (იურისტი), EHRAC.

აპლიკაციის შედგენისას, WISG-მა და EHRAC-მა იხელმძღვანელეს მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტის პროფესორის, სტეფან ვიტლის მიერ მომზადებული ანგარიშითაც, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე უარის საზიანო შედეგებს ეხება.