შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2016
თბილისში ტრანსგენდერი ქალი კისრის არეში მძიმედ დაჭრეს
15 ოქტ. 2016

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) ინფორმაციით, თბილისში ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს. მსხვერპლს ჭრილობები კისრის არეში აქვს მიყენებული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი საავადმყოფოშია გადაყვანილი. WISG-ის ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ ორთაჭალის ტერიტორიაზე, გუშინ, 14 ოქტომბერს მოხდა.

თავდასხმის ფაქტს ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ის ცნობით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის აღძრული (განზრახ მკვლელობის მცდელობა).

WISG არ გამორიცხავს, რომ დანაშაული შესაძლოა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის ნიადაგზე იყოს ჩადენილი. შეგახსენებთ, სიძულვილით მოტივირება დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა.

"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფს" მონაცემებით, საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმის ოცამდე შემთხვევაა დოკუმენტირებული.

ორგანიზაცია "ტრანსგენდერი ევროპის" (TGEU), რომელიც WISG-ის პარტნიორია, სტატისტიკის მიხედვით კი 2008 წლის იანვრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით 65 ქვეყანაში 2115 ტრანსგენდერი მოკლეს; 2016 წლის იანვარ-მაისში კი ტრანსგენდერი და გენდერულად არაკონფორმული ადამიანის მკვლელობის 100 შემთხვევა დაფიქსირდა. TGEU-ის ცნობით, ეს მონაცემები რეალობას სრულად არ ასახავს, რადგან ქვეყანათა უმრავლესობაში ტრანსგენდერ და გენდერულად არაკონფორმულ ადამიანებზე თავდასხმისა და მკველობებათა შემთხვევების დაფიქსირება, აღწერა და მონიტორინგი არ მიმდინარეობს.