შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2015
"სქესის სამართლებრივი აღიარების პრაქტიკა მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმის გზით შეიძლება, შეიცვალოს"
10 ნოე. 2015

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დირექტორმა, ნათია გვიანიშვილიმა, გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კონფერენციაზე ტრანსგენდერი ადამიანების სქესის სამართლებრივი აღიარების საკითხი დააყენა. WISG-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ როდესაც ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალები არ არის ჰომოგენური ჯგუფი. ქალები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, თუმცა ამ უმრავლესობაში ასევე წარმოდგენლი არიან უმცირესობებითაც, რომლებიც სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან რესურსებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის კუთხით. ნათია გვიანიშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ტრანსგენდერი ქალების წვდომა დასაქმებაზე ძალიან შეზღუდულია, რადგან მათ არ შეუძლიათ თავიანთი გენდერის მარკერის შეცვლა მანამ, სანამ არ ჩაიტარებენ გენდერის კვლავმინიჭების ოპერაციას, და არასამთავრობო სექტორის აქტიური მუშაობის მიუხედავად, ხელისუფლება არ იჩენს ამ პრობლემის გადაჭრის ნებას. ასევე აღნიშნა, რომ დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ტრანსგენდერი ქალი მოკლეს თბილისში და გენდერული თანასოწორობის არსი მეტად ფართოდ უნდა გვესმოდეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტრანსგენდერი ადამიანების პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების პრობლემაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სქესის სამართლებრივი აღიარების პრაქტიკა მხოლოდ საკანონმდებლო რეფორმის გზით შეიძლება, შეიცვალოს: „საქართველოს პირადობის მოწმობები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მარტივი არ იქნება ცვლილებების შეტანა; ეს ცვლილებები კი საზოგადოების მიერ მიღებული რეფორმების შედეგად უნდა განხორციელდეს. უნდა შეიცვალოს კანონი და ამისათვის პარლამენტსა და საზოგადოებასთან უნდა ვიმუშაოთ, რეფორმა თავსმოხვეული არ უნდა იყოს. იუსტიციის სამინისტრო ამ მხრივ მუშაობის დაწყებას აპირებს, რაშიც თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.“ საერთაშორისო კონფერენციას „გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“, 2015 წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. კონფერენცია ორგანიზებულია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან/კომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ფედერიკა მოგერინისთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA).