შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2014
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას
14 ნოე. 2014

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ გიორგი ბადაშვილს

ასლი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს

ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს

მოგმართავთ 2014 წლის 11 ნოემბერს თბილისში, პეკინის ქ. N14-ში მომხდარ საბი (ბექა) ბერიანის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 12 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: დაკავებულია საბი (ბექა) ბერიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლევან კ.; მან 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ბექა ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.[1]

2014 წლის 13 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) და „იდენტობამ“, გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოყვანილია ფაქტი, რომ საბი (ბექა) ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულ პირს დანაშაულის ჩადენის დღეს მსგავსი დანაშაულის ჩადენის მცდელობა ჰქონდა ბიანკა შიგუროვას მიმართ.[2] 14 ნოემბერს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში[3] ბიანკა შიგუროვა ადასტურებს, რომ საბი (ბექა) ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი სწორედ ისაა, ვინც მას დაესხა თავს.

ყოველივე ზემოთქმული აძლიერებს ეჭვს, რომ სახეზეა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული.

ქვეყანაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მაღალი დონე პირდაპირ აისახება ლგბტ ჯგუფის წევრებზე. ამ სიძულვილის გამოვლინების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2013 წლის 17 მაისს მშვიდობიანი აქციის დარბევა და ლგბტ ჯგუფის წევრთა დევნა მომდევნო დღეებში. „ქალთა ინიციატივებს მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც ლგბ თემის 150 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას, აჩვენა, რომ გამოკითხულთა მესამედს (32%) ბოლო ორი წლის მანძილზე ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ძალადობა, 10-დან 9 (89,93%) კი ერთხელ მაინც გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.[4].

ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ არსებული ძალადობა ასახულია როგორც საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში. ფიზიკური ძალადობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ლგბტ საზოგადოების წევრები ხშირ შემთხვევაში ამ ფაქტების შესახებ დუმილს ამჯობინებენ და არ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს დარღვეული უფლების აღსადგენად, რადგან ჯგუფის

წევრებში დაბალია ნდობა სამართალდამცავთა მიმართ.[5]

2012 წლის 27 მარტს საქართველოს სისხლის სამართლის კანონში შეტანილი იმ ცვლილებების მიუხედავად, რომელთა შედეგადაც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალს მიემატა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღემდე ამ მუხლის გამოყენება არც ერთ საქმეში არ მომხდარა არც გამოძიების ორგანოებისა და არც სასამართლოების მიერ. ქვეყანაში არ არსებობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებათა სტატისტიკა, რომლებიც ჩადენილია სექსუალური და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის საფუძველზე.5 არ ხდება ლგბტ პირთა დისკრიმინაციის ბუნებისა და პრევალირების შესახებ მონაცემების შეგროვება და გაანალიზება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში პირდაპირაა მითითებული:

  • განხორციელდეს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილით მოტივირებული სხვა შემთხვევების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიება;
  • გაძლიერდეს საზოგადოებასთან მუშაობა არსებული ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთისა და პრევენციისათვის;
  • ხელი შეეწყოს პოლიციაში სპეციალიზირებული ჯგუფის შექმნას, რომელიც იმუშავებს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.[6]

ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ ეს საკითხი შეტანილია ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2014-2015 წწ.)[7]

ეუთოს მიერ შემუშავებულ სპეციალურ სახელმძღვანელო პრინციპებში[8] ჩამოთვლილია სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც, შესაძლოა, მიუთითებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე და, შესაბამისად, აუცილებელია მათი გათვალისწინება საქმისათვის სწორი კვალიფიკაციის მისანიჭებლად. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტებისა (ქვეყანაში არსებული მძიმე ჰომო- და ტრანსფობიური ფონი, ფაქტი, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს უკვე ჰქონდა მცდელობა, თავს დასხმოდა იმავე ჯგუფის წარმომადგენელ პირს), ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მოითხოვს, რომ შერეული ტიპის რამდენიმე მაკვალიფიცირებელი ნიშნით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაშიც კი განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შემდეგ ფაქტორებს:

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის დროს დამნაშავისა და დაზარალებულის მახასიათებელი ნიშნებია:

  • დაზარალებული განსხვავდება დამნაშავისგან სექსუალური ორიენტაციითა და გენდერული იდენტობით.
  • დაზარალებული განეკუთვნება უმცირესობათა იმ ჯგუფს, რომელზეც ხშირია საზოგადოების სხვა ჯგუფის თავდასხმები.
  • დაზარალებული არის ცნობილი პიროვნება, რომელიც განეკუთვნება ჯგუფს, რომელიც სისტემატურად განიცდის დისკრიმინაციას.

სავარაუდო დამნაშავის ქცევა და წარსული, შეიძლება, ატარებდეს იმ პოტენციურ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებს სიძულვილის მოტივზე.

  • განცხადებები და/ან სხვა ქმედებები ინციდენტის დროს ან შემდგომ, სადაც აისახება ჯგუფის იმ თემის მიმართ წინასწარგანწყობები, რომელსაც მიეკუთვნება დაზარალებული.
  • დამნაშავეს აქვს წარსული გამოცდილება მსგავსი „ხელწერით“, რომლის დროსაც დაზარალებული იყო იმავე უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელი.

(დამატებითი რეკომენდაციები და ინსტრუქციები შეგიძლიათ, იხილოთ ეუთოს სიძულვილით მოტივირბული დანაშაულის პრევენციისა და რეაგირების სახელმძღვანელო პრინციპებში)

ასევე შეგახსენებთ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციასა და აღკვეთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო:

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული არღვევს საზოგადოების წევრებს შორის თანასწორობის იდეალს. თანასწორობის ნორმა ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს და მისი მიზანია, ადამიანური ღირსების სრულ აღიარებასთან ერთად თითოეულ მათგანს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ბოლომდე გამოიყენოს თავისი არსებული პოტენციალი. თანასწორობის ნორმის სტატუსი ხაზგასმული და ცხადყოფილია მისი უწყვეტი გამეორებით ადამიანის უფლებათა დოკუმენტებში, რაც ასევე განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციით.

ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ატარებს კონკრეტული მსხვერპლის მსგავს ნიშანთვისებებს, შეიძლება, განსაკუთრებით იყოს დაშინებული. დისკრიმინირებული ჯგუფის სხვა წევრები შეიძლება არა მხოლოდ მომავალი თავდასხმის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ განიცადონ მომხდარი თავდასხმა ისე, თითქოს თავად არიან მისი უშუალო მსხვერპლნი. ეს გავლენა, რომელსაც სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ახდენს მარგინალიზებული ჯგუფის წევრებზე, შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს იმ საზოგადოებაში, სადაც ეს კონკრეტული ჯგუფი ისტორიულად განიცდის დისკრიმინაციას.

გარკვეული ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციისადმი საზოგადოებრივი მიმღებლობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ზრდის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვს. ამგავრად, მიუხედავად იმისა, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული შეიძლება, ჩადენილი იქნას მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენლების მიმართაც, ყველაზე მარგინალური ჯგუფების წევრების, როგორც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლის, რაოდენობა არაპროპორციულად დიდია.

სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული შეიძლება, გადაიქცეს სერიოზულ პრობლემად საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვეულებრივი დანაშაულისგან განსხვავებით, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ეხება საზოგადოების გაცილებით დიდ ჯგუფს და შეუძლია, შექმნას და გააძლიეროს სოციალური დაძაბულობა ჯგუფებს შორის, გახდეს საზოგადოების გახლეჩის მიზეზი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ საბი (ბექა) ბერიანის მკვლელობის ფაქტის გამოძიება, ასევე ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

გამოძიების დროს ყურადღება გაამახვილოთ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა იმ დეტალის გამოკვლევაზე, შესწავლასა და ანალიზზე, რაც, შეიძლება, მიუთითებდეს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე.

გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ საზოგადოების მაღალ ინტერესს და გამოძიების მიმდინარეობისა და სიძულვილის მოტივის გამოკვეთის შესახებ დროულად აცნობოთ საზოგადოებას.

პატივისცემით,

ნათია გვიანიშვილი

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

პორგრამების დირექტორი

14 ნოემბერი, 2014


[1] http://police.ge/ge/shss-m-mkvlelobis-faqti-gakhsna/7321

[2] http://emc.org.ge/2014/11/13/emc-ისა-და-იდენტობას-ერთობლი/

[3] http://rustavi2.com/ka/news/3272

[4] http://women.ge/wp-content/uploads/2014/02/WISG_LGBT-policy-paper-for-EAP-full-version_updated.pdf p.10

[5] http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1563.pdf p. 510

[6] http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1563.pdf p. 514.

[7] https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2391005&lang=ge

[8] http://www.osce.org/odihr/36426?download=true ; http://www.osce.org/odihr/39821?download=true