შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2013
განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით
18 მაი. 2013

2013 წლის 17 მაისს, ორგანიზაცია იდენტობას და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს“ დაგეგმილი ჰქონდათ მდუმარე აქციის ორგანიზება პარლამენტის წინ აიდაჰოს დღესთან დაკავშირებით, რათა საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ ჰომოფობიის პრობლემისათვის საქართველოში. აქციის შესახებ ეცნობა როგორც თბილისის მერიას, ისე გაფრთხილებული იქნა პოლიციის დეპარტამენტიც. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე აქცის ორგანიზატორები რამდენჯერმე შეხვდნენ პოლიციის წარმომადგენლებს, რომელთაც დაარწმუნეს, რომ შეძლებდნენ დემონსტრატების დაცვას მესამე მხრის ძალადობისაგან.
აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, ექსტრემისტულად განწყობილმა ჯგუფებმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ერთმა ნაწილმა, კონტრ-აქციის ორგანიზების მიზნით დაიწყეს ადამიანების მობილიზაცია – მთელ ქალაქში გავრცელდა დაბეჭდილი ფლაერები, რომელიც მოუწოდებდა მორწმუნეებს, არ დაეშვათ „გეი-აღლუმის“ ჩატარება საქართველოში. ინტერნეტის მეშვეობით ვრცელდებოდა სასულიერო პირების ვიდეო მიმართვები.
აქციამდე 2 დღით ადრე რელიგიურ კონფესიათა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელმაც ნეგატიურად განწყობილ ჯგუფებში კიდევ უფრო გააძლიერა აგრესია ლგბტ ჯგუფის წევრთა და მათი მხარდამჭერების მიმართ. 16 მაისს საქართველოს პატრიარქმა თბილისის მერიას აქციის გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
დაგეგმილი აქციის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის საპასუხოდ, ჟურნალისტების შეკითხვებზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად დააფიქსირეს პოზიცია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ამავდროულად ხაზი გაუსვევს სახელმწიფოს მოვალეობას უზრუნველყოს ამ უფლებაზე ხელმისაწვდომობა ყველა ჯგუფისათვის.
17 მაისს, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი შეთანხმებულზე ადრე მივიდა აქციის ადგილზე, თუმცა ქუჩა კონტრდემონსტრანტებით სავსე დახვდათ. პოლიციამ სცადა აქციის მონაწილეები სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსებით გაეყვანა, თუმცა, ვერ შეძლო კონტრ-დემონსტრატთა შეჩერება. ფოტო და ვიდეომასალაზე კარგად ჩანს, რომ სასულიერო პირები არა მხოლოდ აგულიანებდნენ კონტრ-დემონსტრანტებს ძალადობისაკენ, არამედ თავად იღებდნენ დარბევაში მონაწილეობას.
აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილმა საერთოდ ვერ მიაღწია აქციის ადგილს და შესაბამისად, ვერც დემონსტრანტებისათვის განკუთვნილ ავტობუსებთან მოხვდა. პოლიციის კორდონის გამო, ისინი ორმაგ ალყაში მოექცნენ. ორგანიზატორები ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ პოლიციის სპეციალურ წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ.
მოგვიანებით, აქციას UN-ისა და ომბუდსმენების წარმომადგენლები შეურთდნენ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ პოლიციელებს საკუთარი მოწმობები აჩვენეს, პოლიციამ აქციის მონაწილეები დროებით შენობის სადარბაზოს შეაფარა, მოგვიანებით კი მიკროავტობუსის მეშვეობით გამოიყვანა. კონტრ-დემონსტრატები თავს მიკროავტუბუსსაც დაესხნენ. ჩაამტვრიეს მინები, ქვებს ესროდნენ მიკროავტობუსსში მსხდომებს, ცდილობდნენ ხელით მიწვდომოდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციელებმა ოპერატიულად იმოქმედეს და არ მისცეს კონტრ-დემონსტრატებს საშუალება შეეჩერებინათ მიკროავტობუსი. ორი პოლიციელი დაცვის სახით თან გაყვა მიკროავტობუსს უსაფრთხო ადგილამდე.
აქციის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 15-ს აღწევს, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტებიც არიან.
დემონსტრაციის დარბევას მყისიერი გამოხმაურებები მოჰყვა, თუმცა, ამ დრომდე, მიუხედავად არსებული ფოტო-ვიდეო მასალისა არც ერთი მოძალადე დაკავებული არ არის. კონტრ-დემონსტრაციის მონაწილეები აგრძელებენ ქალაქში გადაადგილებას და თავს ესხმიან „საეჭვო“ გარეგნობის ადამიანებს მოვუწოდებთ სახელმწიფოს დროულად შეაჩეროს ძალადობა ლგბტ ადამიანთა მიმართ დროულად გამოიძიოს 17 მაისის აქციაზე მომხდარი დანაშაულებები და მისცეს მას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაცია დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ დღეების განმავლობაში კონტრ-დემონსტრატების შეკრებისა და ლგბტ აქციის დარბევისაკენ მოუწოდებდა.