შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები, 2013
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ ამსტერდამის პრაიდზე
8 აგვ. 2013

2013 წლის აგვისტოში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენლები საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ორგანიზაცია COC Netherlands-ის ინიციატივით, ამსტერდამში იქნენ მიწვეულნი, ამსტერდამის პრაიდსა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აქტივისტებთან დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.
ამსტერდამის პრაიდისა და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული აქტივისტების საპატივცემულოდ ქალაქის მერის მოადგილემ საგანგებო მიღება გამართა, რომელზეც ისაუბრეს ლგბტ აქტივიზმსა და იმ პროგრესზე, რომელსაც ჰოლანდიამ მიაღწია ისევე, როგორც გამოწვევებზე, რომელიც ჯერ კიდევ დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ლგბტ აქტივისტების წინაშე.
ამსტერდამის პრაიდი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი დღესასწაულია. წელს პრაიდს ნახევარი მილიონამდე ადამიანი დაესწრო. სხვადასხვა ორგანიზაციების, კორპორაციების, ბანკების, სამთავრობო ორგანიზაციებისა თუ აქტივისტების ნავები სავსე იყო ფერადი ბუშტებით, მხიარულებითა და სხვადასხვა სახის შეტყობინებებით,რომელთა ძირითადი ნაწილიც ჰომოფობიის პრობლემას უკავშირდებოდა. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ COC Netherlands-ის ნავზე იყო მიწვეული ჰოლანდიელ, უგანდელ, უკრაინელ, რუს, თურქ და სხვა აქტივისტებთან ერთად. წლევანდელი პრაიდის ფარგლებში COC Netherlands შეეცადა დისკრიმინაციის იმ ფაქტებზე გაემახვილებინა ყურადღება, რომელსაც 2013 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში.
ამსტერდამში სტუმრობა კარგი შესაძლებლობა იყო ბევრი საინტერესო აქტივისტის გასაცნობად და ისეთ ორგანიზაციებთან შესახვედრად, როგორიც არის Mama Cash, Hivos, Human Rights Watch, Amnesty International, Work Place Pride, Gay and Lesbian Switchboard (the LGBT helpline) და ასევე ამსტერდამის პოლიციის ის დანაყოფი Pink in Blue (LGBT police network), რომელიც უშუალოდ ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მუშაობს. ჩვენ გვჯერა, რომ ამსტერდამში სტუმრობისას გაზიარებული გამოცდილება და დამყარებული კონტაქტები მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს შემდგომ სამუშაოში, რომელიც საქართველოში ჰომოფობიის დაძლევისკენ არის მიმართული.