შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
შემაკავებელი ორდერი ლესბოსელი ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე
13 თებ. 2018

ლესბოსელი ქალი თ. ორივე მშობლის მხრიდან ბოლო ორი წლის მანძილზე განიცდიდა ჰომოფობიურ ძალადობას. მშობლები სხვადასხვა ფორმით ძალადობდნენ შვილზე: ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და „სექსუალური ორიენტაციისგან განკურნების მიზნით“ მკურნალობაზე დაყოლიების მცდელობას. მიუხედავად გაუსაძლისი მდგომარეობისა, ქალი პოლიციისათვის მიმართვისგან თავს იკავებდა.

თ.-ს განმარტებით, 2018 წლის იანვარში მისთვის ძალადობა აუტანელი გახდა, გაიქცა სახლიდან და საცხოვრებლად გადავიდა მის პარტნიორთან. მშობლების მხრიდან გაგრძელდა ძალადობის მუქარა და თ.-მ WISG-ის დახმარებით დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. პოლიციამ, ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ორივე მშობლის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულია: მოძალადის იმ სახლიდან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს და მოძალადისთვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

თ.-ს შესთავაზეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისები, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან WISG-ში იღებს ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის და იურისტის მომსახურებას. მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა რევიქტიმიზაციის შიშმა იმ სპეციალისტების მხრიდან, რომლებიც არ არიან დაახლოებული ლგბტი ორგანიზაციებთან და არ მუშაობენ ამ ჯგუფთან.

ლგბტი ადამიანები ხშირად ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე. ძალადობისათვის ხშირად საკმარისია ოჯახის წევრების ეჭვი და ვარაუდიც კი. „ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, უკავშირდება ნებაყოფლობით ან იძულებით „ქამინგ აუთს” ოჯახის წევრებთან. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) მიერ ჩატარებული კვლევების რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ ოჯახის წევრებთან საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბარს თავს არიდებენ ძალადობის შიშით.“[1]

[1] ქ. ბახტაძე, „არაღიარებული ძალადობა - სამართალწარმოების ანგარიში“, WISG. თბილისი. 2017.