შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
სასამართლო ლესბოსელი ქალის დისკრიმინაციის საქმეს განიხილავს
2 თებ. 2018

WISG-ის წარმოებაშია ლესბოსელი ქალის საქმე სამი შპს-ის წინააღმდეგ. ა. ლ.-მ სასამართლოს სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. ქალი განმარტავს, რომ ქ. თბილისში მდებარე სამი კაფე-ბარის ადმინისტრაციამ ერთდროულად აუკრძალა მათი სერვისით სარგებლობა ჰომოფობიური მოტივით.

2018 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ხსენებულ საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. მოსაზრებაში ომბუდსმენი მიმოიხილავს საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და უზრუნველყოფის უფლების ეროვნულ და საერთაშორისო რეგულირებას და ყურადღებას ამახვილებს მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში.

ომბუდსმენის მოსაზრების თანახმად, „მოსარჩელემ უნდა წარმოშვას ვარაუდი, რომ საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და უზრუნველყოფის უფლება მას შეეზღუდა სექსუალური ორიენტაციის მოტივით; ამ შემთხვევაში მოსამართლემ მოსარჩელე უნდა შეადაროს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისა და უზრუნველყოფის უფლებით მოსარგებლე ჰეტეროსექსუალ პირებს; მოპასუხეებმა უნდა ამტკიცონ, რომ მოსარჩელის სერვისის მიღებაზე უარის თქმის მიზეზი იყო არა მისი სექსუალური ორიენტაცია, არამედ სხვა ობიექტური გარემოება. ამ შემთხვევაშიც, სასამართლომ მოპასუხეებს უნდა დააკისროს იმის მტკიცების ტვირთი, რომ ისინი კანონიერი მიზნის მისაღწევად მოქმედებდნენ“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოს გაითვალისწინოს, რომ „ლგბტ+ თემი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია, რომლის წევრებიც დისკრიმინაციას საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში აწყდებიან.“

ა. ლ.-ს საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო 6 თებერვალს დახურულ სხდომაზე განიხილავს.