შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
17 მაისის აქციის მონაწილეებისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უზენაესმა ძალაში დატოვა
30 ნოე. 2017

სხვადასხვა ინსტანციაში რამდენიმეწლიანი დავის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოტანილი განაჩენი, 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მონაწილეთათვის მორალური კომპენსაციის გადახდის ვალდებულების თაობაზე, უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მიერ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) ადმინისტრაციულ საქმეზე გამოტანილი განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული განჩინება ჯერ საქალაქო სასამართლომ მიიღო 2015 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოგვიანებით კი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ეს განჩინება ძალაში დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ სცადა დავა იმაზე, რომ 2013 წლის 17 მაისს შსს-ს მხრიდან განხორციელდა „ყველა საჭირო პროპორციული და ადეკვატური ღონისძიება“, რათა არ მომხდარიყო ადამიანის საყოველთაო უფლებების ხელყოფა. თუმცა, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა.

განჩინებაში ვკითხულობთ: „მართალია, აქციის ჩატარების ადგილას იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუმცა აქციის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყო პირთა კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. საზოგადოებაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულების ფონზე, შესაძლებელი იყო რისკების სათანადო შეფასება და საქართველოს შინაგან სამინისტროს, რომლის ვალდებულებაცაა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უნდა გამოეყენებინა მის ხელთ არსებული, კანონით მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა უზრუნველეყო მოსარჩელეთა დაცვა ღირსებისა და პატივის შემლახველი ქმედებებისგან, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისგან.“

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მადლობას უხდის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საქმის წარმოების დროს გაწეული სამართლებრივი დახმარებისთვის.