შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
ზიზი შეყილაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაიწყო
25 მაი. 2017

სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ ტრანსგენდერი ქალის, ზიზი შეყილაძის, მკვლელობაში მსჯავრდებული გ.მ.-ის საქმის გადახედვა დღეს სააპელაციო სასამართლოში განახლდა. 2017 წლის 3 თებერვალს, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 10 წელი მიუსაჯა, თუმცა მსჯავრდებულის ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ შეხვედრაზე მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველია და ადვოკატის დანიშვნაზე იშუამდგომლა. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა ივლისისთვის გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მიუხედავად ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა, დაზარალებულის დედის პოზიცია და ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მკვლელობაში აშკარა ტრანსფობიური სიძულვილის მოტივს გამოკვეთდა, არ გაითვალისწინა.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მიიჩნევს, რომ სიძულვილის მოტივი სათანადოდ არ გამოკვლეულა და ამის შესახებ დაზარალებულის დედის ადვოკატმა ციალა რატიანმა პოზიცია სააპელაციო სასამართლოსაც წარუდგინა.