შეგვატყობინე დანაშაულის შესახებ!
ცხელი ხაზი: 595 19 03 03
ახალი ამბები
ტრანს თემის მანიფესტი
20 ნოე. 2016

მანიფესტი მომზადდა ტრანსგენდერი ადამიანების მიერ სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

"მანიფესტი განკუთვნილია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობისათვის, რათა პოლიტიკური დღის წესრიგში მოექცეს ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების დაცვა და გათვალისწინებული იქნეს ჩვენი საჭიროებები.

თემის გზავნილები:

ჯანმრთელობის უფლების დაცვა

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში გათვალისწინებულ იქნეს ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები!

გენდერის სამართლებრივი აღიარება

აღმოიფხვრას სქესის შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანისათვის არსებული უფლებაშემლახავი პრაქტიკა და დაინერგოს გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მექანიზმი!

ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

შემუშავდეს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური სტრატეგია!

ჩვენი მოთხოვნები საქართველოს ხელისუფლებას

  • სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოხდეს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების დაფინანსება ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე;
  • ერთმანეთისგან გაიმიჯნოს გენდერის სამართლებრივი აღიარებისა და სქესის კვლავმინიჭების პროცედურები;
  • სახელმწიფომ შეიმუშავოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია.

ტრანსგენდერ ადამიანთა მდგომარეობა საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობის პირველი კვლევა ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფმა’’ (WISG) 2012 წელს ჩაატარა. კვლევამ გამოავლინა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები არიან სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლნი ქვეყანაში, მათ მიმართ ხშირია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა როგორც საჯარო სივრცეებში, ისე ოჯახში. ტრანსგენდერი ადამიანები ხდებიან დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლნი დასაქმების ადგილებზე. ტრანს თემის წინაშე მდგარი გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან სრულიად უგულვებელყოფილია. ქვეყანაში არსებული სტიგმა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და სატელევიზიო მედიის და პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მიერ ამ ადამიანების ეგზოტიზაცია ახდენს ტრანსფობიური გარემოს ფორმირებას, სადაც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის თავისუფალი და თანასწორი სივრცისთვის ადგილი აღარ რჩება.

ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზება

საქართველოში ტრანსგენდერობა სრულად მედიკალიზებული და პათოლოგიზირებულია და არ ითვალისწინებს ტრანსგენდერობის ფართო სპექტრს. ქვეყანაში არ არსებობს ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ხდება ტრანსსპეციფიური სამედიცინო პროცედურების დაფინანსება.

გენდერის სამართლებრივი აღიარება

გენდერის სამართლებრივი აღიარება საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისათვის დადგენილია უფლებაშემლახავი პრაქტიკა. პრაქტიკის მიხედვით, გენდერის სამართლებრივი აღიარებისათვის ტრანსგენდერი ადამიანები ვალდებულნი არიან ჩაიტარონ არასასურველი და ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურები.

ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

სახელმწიფოს არ გააჩნია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური სტრატეგია. ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჩადენილი ყველა გახმაურებული სიძულვილით მოტვირებული დანაშაულის ირგვლივ თემს და საზოგადოებას აქვს პასუხგაუცემელი შეკითხვები. ქვეყანაში არ ხდება ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის წარმოება. შესაბამისად, არ ხორციელდება ამ ტიპის დანაშაულის პრევენცია.

სათემო ორგანიზაციები ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ (WISG), ,,თემიდა’’, ,,იდენტობა’’ და ,,თანასწორობის მოძრაობა’’ უერთდებიან ტრანს თემის მანიფესტს. ორგანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს, რომ მანიფესტში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის გადადგას სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები, რათა ტრანსგენდერმა ადამიანებმა, სხვების თანასწორად შეძლონ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა საქართველოში."