2011 წლის 16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სპეციალური განცხადებები გაავრცელეს. ”იდენტობა” და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მიესალმებიან ადამიანის უფლებათა დამცველების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს. ვუერთდებით მათ მცდელობას, საზოგადოების ყურადღება სოციალურად დისკრიმინირებული ჯგუფების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების მნიშვნელობას მიაპყრონ. ტოლერანტობა და, განსაკუთრებით, მიმღებლობა ის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, რომლებიც ყველა საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრების ქვაკუთხედს უნდა წარმოადგენდეს.
სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანის უფლებებზე საუბრისას, ხშირად, გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია არ მოიხსენიება ხოლმე დისკრიმინაციის აკრძალვათა საფუძვლების ჩამონათვალში, რაც ხელს უშლის ქალების, ლგბტ ჯგუფის და მათთან დაკავშირებული საკითხების ხილვადობის გაზრდას ქვეყანაში და კიდევ უფრო აძლიერებს ამ ჯგუფების გარიყვის ისტორიულად, პოლიტიკურად, სამართლებრივად და კულტურულად დამკვიდრებულ პრაქტიკას. ეს ადამიანები ისევე ამდიდრებენ საქართველოს საზოგადოების სოციალურ ქსოვილს, როგორც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფები. სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული პოლიტიკის, ინკლუზიური განათლებისა და სახელმწიფო პოლიტიკის სხვა დოკუმენტებში მათი მოუხსენიებლობით კი, სახელმწიფო და საზოგადოება ლგბტ ჯგუფს უარს ეუბნება, განიხილებოდეს ტოლერანტობის ცნების განუყოფელ ნაწილად საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით[1], ჯგუფი, რომლის მიმართაც გამოკითხულთა უმრავლესობამ ყველაზე ნეგატიური განწყობა დააფიქსირა, სწორედ ლგბტ ადამიანები აღმოჩნდნენ. ხშირად საზოგადოების მიმღებლობისა და შემწყნარებლობის საზომად სწორედ ლგბტ ჯგუფის მიმართ დამოკიდებულება გამოიყენება, რადგან მიიჩნევა, რომ რამდენადაც დაცულია ყველაზე გარიყული ჯგუფების ღირსება და უფლებები, იმდენადვე ტოლერანტულია საზოგადოება ყველა სხვა სოციალური ჯგუფის მიმართ. მიუხედავად ამისა, სექსიზმი და ჰომოფობია არ აღიქმება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად ჩვენს ქვეყანაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადებისაგან განსხვავებით, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში საერთოდ არ არიან მოხსენიებული ქალები და ლგბტ ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით ერთ–ერთ ყველაზე დისკრიმინირებულ ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოში. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს იერარქიებს ადამიანის უფლებათა კატეგორიებს შორის. შესაბამისად, ამ ჯგუფების ხაზგასმით სახელდების გარეშე, ტოლერანტობისკენ მოწოდების ყველა მცდელობა ნაკლულად მიგვაჩნია. სქესი, გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, ადამიანის უმნიშვნელოვანესი მახასიათებლებია და ტოლერანტობის ცნება სრული ვერ იქნება, რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების გვერდით მათი მოხსენიების გარეშე.
მისასალმებელია, რომ 2011 წლის ოქტომბერში, საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო ტურინში გამართულ ILGA-Europe–ს (ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერთა და ინტერსექსუალთა საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპული ფილიალი) ყოველწლიურ კონფერენციაში, სადაც მან ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ლგბტ ჯგუფების ადამიანის უფლებებათა დაცვის საკითხის მიმართ. ვისურვებდით, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატულმა ამ პოზიციამ ეროვნულ დონეზე გაკეთებულ საჯარო განცხადებებშიც ჰპოვოს ასახვა. მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის მხრიდან ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა ქართველი პოლიტიკოსების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის მისამართით, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა როგორც სექსიზმისა და ჰომოფობიის სოციალურ პრობლემად აღიარების, ისე ტოლერანტობის კულტურის განვითარების საქმეში.
”იდენტობა” და ”ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებია. მათ ძირითად მიზნები ქალთა და ლგბტ თემის გაძლიერება და საზოგადოებაში მათი ინტერესების წარმოდგენაა.
[1] Research Resource Center, Programme of Eurasia Foundation: Short Review of the Results of Caucasus Research. Resource Center’s Data Initiative Survey – December 2006








Discussion
კომენტარები გამორთულია.
Comments are closed.